არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების დაკავების შესახებ   საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

როგორც ცნობილია, ა.წ. 10 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე, დუშეთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი.

ზურაბ ჯიბუხაია და ბესარიონ ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა), 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმე ეხება 4 წლის წინ ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს, რომელიც ოფიციალურად გადაეცა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ხე-ტყე სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაცვლად, საამქროებს გადასცეს.

საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის, მე-12 ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. პროკურატურამ ვერ დაასაბუთა ვერც ერთი ზემოხსენებული საფრთხის არსებობის ფაქტი. ამის მიუხედავად, 12 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძეს.

ცნობისათვის, ხონის გამგეობა არის ერთ-ერთი იმ 3 გამგეობიდან, რომელშიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამგებელი დარჩა. ორ მათგანზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზურაბ ჯიბუხაია თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლის პოსტზე პარტიის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება გამორიცხავს მათ უშუალო და აქტიური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას წინასაარჩევნო კამპანიაში.

უნდა ითქვას ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ხონის გარდა ადგილი ჰქონდა დუშეთის მუნიციპალიტეტშიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ოტიაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ არჩეულ იქნა დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (თანამდებობის ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 180-ე (თაღლითობა) და 340-ე (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ჩვენ არ შეგვისწავლია ზურაბ ოტიაშვილის საქმე, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზურაბ ჯიბუხაიას და ბესარიონ ჭელიძის მსგავსად, დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება ხელს არ შეუწყობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“, სათანადოდ აწარმოოს წინაასაარჩევნო კამპანია.

მიგვაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა. თუმცა, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრების დაკავება რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს. ყოველივეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად განაცხადა მისი სურვილის შესახებ ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულების მიმართ განსაკუთრებული მიდგომის თაობაზე, კერძოდ, პროკურატურა ამ ტიპის დანაშაულების ჩამდენ პირების მიმართ აღმკვეთი ღონისზოების განსაკუთრებული წესით გამოყენებაზე საუბრობდა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა ნამდვილად არ ასრულებდა აღნიშნულ სულისკვეთებას.

  • ვფიქრობთ, რომ არჩევნების წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიის წევრების დაკავებისგან, თუ რა თქმა უნდა, ყოველივე ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა, გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინოს საარჩევნო გარემოს სამართლიანობასთან დაკავშირებით. მსგავსი სახის რეკომენდაცია საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში უწყებათაშორისმა კომისიამაც გამოსცა.

  • სასურველია, მთავრობამ უკვე დაიწყოს ფიქრი უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრთა დაკავება კიდევ ერთხელ აჩენს ამგვარი კომისიის შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც.