12იან

Cover image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) 12, 13 და 14 იანვარს მართავს რიგით მეორე ქვიარ ფორუმს.
ქვიარ ფორუმის მთავარი მიზანია არსებული რეალობის, წინააღმდეგობრივი პრაქტიკების და ფორმების კრიტიკული გააზრება, გლობალური და ლოკალური პერსპექტივების ანალიზი და დისკუსიების გზით ალტერნატიული ხედვის და სტრატეგიების დასახვა ქვიარ წინააღმდეგობაში. რეალობის კრიტიკულ აღწერასთან ერთად, ფორუმის ამოცანაა მემარცხენე ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზება.

ქვიარ ფორუმს საჯარო ლექციათა 3 დღიან ციკლში მონაწილეობენ ფილოსოფიის, სოციალური მეცნიერებების და გენდერის კვლევების სფეროში მოღვაწე მომხსენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან:

12 იანვარი - 19:00-21:00საათი 

საჯარო ლექცია: „სექსუალობის (პოსტ) სოციალისტური პოლიტიკა“
მომხსენებელი: პირო რექსეპი (Piro Rexhepi), მაქს პლანკის ინსტიტუტი
⚫პირო რექსეპი მაკედონიელი ავტორია. ამჟამად, ასწავლის ნიუ–იორკის უნივერსიტეტში. მისი კვლევების ფოკუსია: რელიგიის პოლიტიკა; პან–ისლამიზმი; ჰომონაციონალიზმი და პოსტკოლონიალიზმი; სექსუალობა და კოლონიალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში (ბალკანეთისა და შუა აღმოსავლეთის ფოკუსით). 
 

13 იანვარი -11:00-13:00 საათი
საჯარო ლექცია: „ფემინისტური და ქვიარ პოლიტიკა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ“
მომხსენებელი: იოჰანა ოკსალა (Johanna Oksala), პრატის ინსტიტუტი
⚫იოჰანა ოკსალა ფინელი ფილოსოფოსია, რომელიც პოლიტიკური ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის, ფუკოსა და ფემონომენოლოგიის განხრით მუშაობს. ამჟამად, ოკსალა ნიუ–იორკში პრატის ინსტიტუტის სოციალური მეცნიერებებისა და კულტურის კვლევების სკოლის ასოცირებული პროფესორია.

14 იანვარი - 11:00-11:45 საათი
ვიდეო ლექცია: „ბრძოლა გამარჯვებისთვის: მცდარ მიღწევებთან წინააღმდეგობა:“
მომხსენებელი: დინ სპეიდი (Dean Spade), სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სიეტლის უნივერსიტეტი
⚫დინ სპეიდი სიეტლის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 2002 წელს მან ჩამოაყალიბა სილვია რივერას კანონის პროექტი, არაკომერციული კოლექტივი, რომელიც აწვდის უფასო სამართლებრივ დახმარებას დაბალშემოსავლიან პირებს და ტრანს, ინტერსექს ან/და გენდერულად არაკონფორმულ ფერადკანიან ადამიანებს, აღნიშნული საქმიანობით სპეიდი ცდილობს შექმნას იმგვარი ტრანს წინააღმდეგობა, რომელიც დაეფუძნება რასობრივ და ეკონომიკურ სამართლიანობას. 

12:00-14:00საათი

საჯარო ლექცია: „კომპრომისების გარეშე: ქვიარ ალიანსები კოლონიალიზმის, კაპიტალიზმისა და მიზოგინიის აღმოსაფხვრელად".

მომხსენებელი: პაოლა ბაჩეტა (Paola Bacchetta), პროფესორი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი
⚫ბაჩეტა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში გენდერისა და ქალთა კვლევების დეპატრამენტში პროფესორი და პედაგოგიკის ვიცე-თავმჯდომარეა. 
ბაჩეტა მრავალწლიანი აქტივისტია ფერადკანიან ლესბოსურ და ქვიარ, ფემინისტურ, ანტი-რასისტულ, დეკოლონიურ, ომის საწინააღმდეგო, ანტი-ოკუპაციური და მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებში აშშ-ში, საფრანგეთში, ინდოეთსა და იტალიაში. 

ქვიარ ფორუმის ფარგლებში, ასევე მოხდება თარგმანებისა და სტატიების კრებულის პრეზენტაცია და გავრცელება. 
ფორუმის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი და განხორციელდება მოხსენებების ვიდეო გადაღება.

ფორუმი იმართება შვედური ორგანიზაციის RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.